წესები და პირობები გამყიდველებისთვის
რედაქცია: 9 ნოემბერი 2026 (ვერსია 2026-11-09). შპს ორტე 2026 · ს/კ 405844065 · შპს ორტე 2026 · ს/კ 405844065 · საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, III მ/რ
წინამდებარე შეთანხმება (შემდგომში „შეთანხმება“) არის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას შპს „ორტე 2026“-სა (ს/ნ:405844065, შემდგომში „ორტე“) და იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შორის (შემდგომში „გამყიდველი“), რომელიც სარგებლობს ორტეს პლატფორმით კომერციული საქმიანობისთვის.
გამყიდველის მიერ სისტემაში რეგისტრაციისას შეთანხმებაზე თანხმობის დადასტურება (შესაბამისი ველის მონიშვნით), დანართი #1-ის ხელმოწერა ან პლატფორმით სარგებლობის დაწყება ადასტურებს მის სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე შეთანხმების პირობებზე. შეთანხმება იდება ელექტრონული ფორმით. შეთანხმების მოქმედი რედაქცია მუდმივად ხელმისაწვდომია სისტემასა და ვებგვერდზე (www.orte.ge/seller-terms); გამყიდველს შეუძლია მისი შენახვა და დაბეჭდვა.
ეს შეთანხმება აუქმებს მის საგანთან დაკავშირებულ ყველა წინა ზეპირ თუ წერილობით კომუნიკაციას ან/და შეთანხმებას მხარეთა შორის, გარდა დანართი #1-ით ან მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებული ინდივიდუალური პირობებისა.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა, თუ კონტექსტი სხვა რამეს არ მოითხოვს.
აფილირებული პირი - ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს, კონტროლდება ამ პირის მიერ ან/და არის ამ პირთან ერთად საერთო მაკონტროლებელი პირის ქვეშ.
აქცია - ორტეს ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებული მარკეტინგული აქტივობა (მათ შორის, ფასდაკლება, ქეშბექი, ბონუს პროგრამა, ერთჯერადი კოდის შეთავაზება, პრომოკოდი, Orte კრედიტი, სასაჩუქრე ბარათი, „საჩუქრების ბორბალი“, გათამაშება, საჩუქარი ან სხვა მასტიმულირებელი ღონისძიება), რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა მოზიდვას, გაყიდვების ზრდას ან პლატფორმის პოპულარიზაციას და სხვ.
ბალანსი - სისტემაში ასახული გამყიდველის ანგარიშსწორების მდგომარეობა: გამყიდველის სასარგებლოდ დარიცხული თანხები, მომსახურების საფასური, გამოქვითვები და განხორციელებული გადარიცხვები.
გადახდის თარიღი - კალენდარული თვის 10 და 25 რიცხვი. იმ შემთხვევაში თუ გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდის თარიღი გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღეს.
გამორიცხული პროდუქცია - პროდუქცია, რომელიც გათვალისწინებულია აკრძალული ან შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალში (დანართი #2) ან რომელის თაობაზეც ორტე აწვდის ინფორმაციას გამყიდველს სისტემის, პლატფორმის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გამყიდველი - ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იღებს მომსახურებას ორტესგან წინამდებარე შეთანხმების ან სხვა ზეპირი/წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მათ შორის ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც გამყიდველი წარმოადგენს ან რომლის სახელითაც იგი მოქმედებს.
გაყიდვის არხები - ყველა გაყიდვის არხი და სხვა საშუალება (მათ შორის, მესამე პირის გაყიდვის არხი/საშუალება) რომლითაც გამყიდველი ან მისი აფილირებული პირები ახორციელებენ პროდუქციის რეალიზაციას, გარდა ფიზიკური მაღაზიებისა.
დაბრუნების პერიოდი - მომხმარებლის მიერ პროდუქციის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღე ან პლატფორმაზე გამოქვეყნებული უფრო ხანგრძლივი ვადა, რომლის განმავლობაშიც კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს მიზეზის მითითების გარეშე გავიდეს ხელშეკრულებიდან და დააბრუნოს პროდუქცია.
დაბრუნების პოლიტიკა - პოლიტიკა, რომელიც არის პლატფორმის წესები და პირობების ნაწილი და ადგენს მომხმარებლის უფლებას დააბრუნოს პროდუქცია, ხოლო ნაკლის (შეუსაბამობის) შემთხვევაში - მოითხოვოს შეკეთება, შეცვლა, ფასის შემცირება ან თანხის დაბრუნება კანონმდებლობის შესაბამისად. დაბრუნების პოლიტიკა გამოქვეყნებულია ვებგვერდზე (www.orte.ge/returns და www.orte.ge/terms).
დანართი #1 - ორტესა და გამყიდველს შორის გაფორმებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც არის შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და რომელიც ადგენს ტარიფს, მომსახურების განსაკუთრებულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირობებს. დანართი #1-ის შაბლონი თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას.
დანართი #2 - აკრძალული და შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და რომელსაც ორტე აახლებს 15.3 პუნქტის შესაბამისად.
დღე - კალენდარული დღე.
ორტე - შპს „ორტე 2026“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 405844065, იურიდიული მისამართი: შპს ორტე 2026 · ს/კ 405844065 · საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, III მ/რ; ელ.ფოსტა: info@orte.ge; ტელ.: +995 555 48 22 20.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება - ნებისმიერი პატენტი, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, დომენური დასახელება, სავაჭრო საიდუმლოება ან ნებისმიერ სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას კანონმდებლობის საფუძველზე.
კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
კონტენტი - ნებისმიერი მასალა, რომელიც დაცულია ან შეიძლება დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრების სამართლით.
მასალები - ყველა ტექნოლოგია, სასაქონლო ნიშანი, კონტენტი, პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, მონაცემები და სხვა ინფორმაცია რომელიც წარმოდგენილია გამყიდვლის ან გამყიდვლის აფილირებული პირის მიერ ორტესთვის ან ორტეს აფილირებული პირისთვის.
მიწოდების საფასური - მომხმარებლის მიერ პროდუქციის მიწოდებისთვის გადახდილი თანხა, რომელსაც ადგენს ორტე პლატფორმაზე გამოქვეყნებული ტარიფით (მიწოდების ზონის, შეკვეთის ღირებულების, წონისა და მიწოდების სახის მიხედვით).
მომსახურება - შეთანხმების საგნით განსაზღვრული კომერციული შუამავლობის მომსახურება, მათ შორის, პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება, მომხმარებლისგან თანხის მიღება გამყიდველის სახელით, მიწოდების ორგანიზება, მომხმარებელთა მხარდაჭერა და შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მომსახურება.
მომსახურების საფასური - მომსახურების სანაცვლოდ გამყიდვლის მიერ ორტესთვის გადასახდელი ღირებულება (საკომისიო).
მომხმარებელი - ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებლობს პლატფორმით.
მხარე/მხარეები - გამყიდველი ან/და ორტე.
ნაღდი ანგარიშსწორება - გადახდის მეთოდი, როდესაც მომხმარებელი პროდუქციის ღირებულებასა და მიწოდების საფასურს იხდის პროდუქციის მიღებისას, საკურიერო კომპანიის კურიერთან.
პლატფორმა - ორტეს ვებგვერდი ( https://www.orte.ge) და აპლიკაცია (Orte), რომელზეც ხდება პროდუქციის განთავსება და რომლის საშუალებითაც ხორციელდება პროდუქციის რეალიზება საქართველოს ტერიტორიაზე.
პროდუქცია - მოძრავი ნივთები, რომელიც შეთავაზებულია მომხმარებლისთვის გამყიდვლის მიერ პლატფორმის საშუალებით.
რეალიზებული პროდუქციის ღირებულება - ღირებულება, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა გამყიდველის პროდუქციის შეძენისთვის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული გარიგების შედეგად. რეალიზებული პროდუქციის ღირებულება მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის, დღგ-ს, ასეთის არსებობისას) და გამოითვლება გამყიდველის მიერ დაფინანსებული ფასდაკლებების (გამყიდველის ფასდაკლება, პრომოკოდი, მაღაზიის ბორბალი, ერთობლივი აქციის ფარგლებში გამყიდველის მიერ დაფინანსებული ორტეს პრომოკოდი და სხვ.) გამოკლებით. რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაში არ შედის მიწოდების საფასური. ორტეს მიერ დაფინანსებული ფასდაკლება (მაგ., ორტეს პრომოკოდი, გარდა 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი აქციისა,„საჩუქრების ბორბალი“, Orte კრედიტი, სასაჩუქრე ბარათი) რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას არ ამცირებს და მას ფარავს ორტე.
საკონტაქტო პირი - გამყიდველის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, რომლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია განსაზღვრულია დანართი #1-ით ან მითითებულია სისტემაში.
საკურიერო კომპანია - საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი (მაგ., Wingo), რომელთანაც ორტეს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და რომელიც ორტეს დავალებით იღებს პროდუქციას გამყიდველისგან და აწვდის მომხმარებელს, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას ორტეს სახელით იღებს თანხას მომხმარებლისგან.
სამუშაო დღე - დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა საქართველოს „შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უქმე დღეებისა.
სასაქონლო ნიშანი - ნებისმიერი სავაჭრო ნიშანი, მომსახურების ნიშანი, სავაჭრო ფორმა, სავაჭრო სახელწოდება, ლოგო ან განმასხვავებელი ნიშანი, ან ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი, რომელიც დაცულია ან ექვემდებარება დაცვას კანონმდებლობით.
სისტემა - ორტეს მიერ მართული პროგრამული უზრუნველყოფა (გამყიდველის პანელი ვებგვერდსა და აპლიკაციაში, პარტნიორის API და პროდუქციის ფიდი), რომელიც გამოიყენება გამყიდველის მიერ პლატფორმაზე კომერციული საქმიანობის სამართავად, მათ შორის, პლატფორმაზე პროდუქციის განსათავსებელად, შეკვეთების დასამუშავებლად და შეთანხმებით განსაზღვრული სხვა ოპერაციების შესასრულებლად.
ტარიფი - პროცენტული განაკვეთი (დღგ-ს გარეშე), რომელიც განსაზღვრულია ორტეს მიერ კონკრეტული პროდუქციის კატეგორიის, გამყიდველის ან/და პროდუქციაზე მოქმედი ფასდაკლების დონის მიხედვით დანართი #1-ით ან/და სისტემაში გამოქვეყნებული ტარიფებით და გამოიყენება მომსახურების საფასურის განსაზღვრისთვის.
ტექნოლოგია - ნებისმიერი (ა) იდეა, პროცედურა, პროცესი, სისტემა, ოპერაციის მეთოდი, კონცეფცია, პრინციპი და აღმოჩენა; (ბ) ინტერფეისი, პროტოკოლი, სტრუქტურირებული ფორმატი, სპეციფიკაცია, მონაცემთა ფორმატი ან სხვა მსგავსი მასალა; და (გ) პროგრამული უზრუნველყოფა, კოდი ან სხვა ფუნქციური ერთეული.
ტრანზაქცია - პროდუქციის გაყიდვა პლატფორმის საშუალებით.
ტრანზაქციის გასაჩივრება (Chargeback) - მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართვის შედეგად ტრანზაქციის თანხის იძულებითი დაბრუნების პროცესი.
ფასიანი ხილვადობა - ორტეს მიერ გამყიდველისთვის ფასიანად გაწეული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც გამყიდველის პროდუქცია განსაკუთრებულ პოზიციაზე ჩნდება პლატფორმაზე (მაგ., მთავარ გვერდზე, კატეგორიაში ან ძიებაში) და მომხმარებლისთვის მონიშნულია წარწერით „რეკლამა“.
შეთანხმება - წინამდებარე შეთანხმება, მისი დანართები და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები (მათ შორის, დაბრუნების პოლიტიკა, ფასიანი ხილვადობის პირობები და პარტნიორის API-ის დოკუმენტაცია).
შეკვეთა - პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეკვეთა მისი შეძენის მიზნით, მათ შორის, ორტეს ოპერატორის მიერ მომხმარებლის დავალებით გაფორმებული შეკვეთა (მაგ., სატელეფონო შეკვეთა ან გადახდის ბმულით გაფორმებული შეკვეთა).
2.1.ორტე წარმოადგენს კომერციულ შუამავალს გამყიდველსა და მომხმარებელს შორის და მოქმედებს როგორც პლატფორმის (ონლაინ მარკეტპლეისის) ორგანიზატორი.
2.2.მომსახურების ფარგლებში ორტე გამყიდველს აძლევს შესაძლებლობას (ა) განათავსოს პროდუქცია პლატფორმაზე; (ბ) პლატფორმის მეშვეობით შესთავაზოს მომხმარებლებს და მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია; (გ) მიიღოს მომხმარებლისგან გადახდა ორტეს მეშვეობით (2.5 პუნქტი); (დ) ისარგებლოს ორტეს მიერ ორგანიზებული მიწოდებით; (ე) ისარგებლოს ფასიანი ხილვადობითა და მარკეტინგული ინსტრუმენტებით; (ვ) ისარგებლოს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მექანიზმებით/პირობებით.
2.3.მომსახურების სანაცვლოდ, გამყიდველი უხდის ორტეს მომსახურების საფასურს, შეთანხმებით დადგენილი პირობებით.
2.4.ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, ორტე არ წარმოადგენს გამყიდველსა და მომხმარებელს შორის დადებული პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს. ნასყიდობის ხელშეკრულება იდება უშუალოდ გამყიდველსა და მომხმარებელს შორის და გამყიდველი სრულად აგებს პასუხს მომხმარებლის წინაშე კანონმდებლობით (მათ შორის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით) დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე.
2.5.გამყიდველი ავალებს და უფლებამოსილებას ანიჭებს ორტეს, როგორც თავის კომერციულ აგენტს, გამყიდველის სახელით და მისი სასარგებლოდ მიიღოს მომხმარებლისგან პროდუქციის ღირებულება (ბარათით - საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით, ნაღდი ანგარიშსწორებით - საკურიერო კომპანიის მეშვეობით, ან საბანკო გადარიცხვით) და გადაურიცხოს იგი გამყიდველს მე-6 მუხლით დადგენილი წესით. მომხმარებლის მიერ თანხის გადახდა ორტესთვის (ან ორტეს სახელით მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან საკურიერო კომპანიისთვის) ითვლება მომხმარებლის მიერ გამყიდველის წინაშე გადახდის ვალდებულების შესრულებად.
2.6.გამყიდველი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს ორტეს, გამყიდველის სახელით: (ა) მიიღოს მომხმარებლის შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის, პროდუქციის დაბრუნების, ნაკლის ან სხვა საჩივრის შესახებ; (ბ) უპასუხოს მომხმარებელს და განიხილოს მისი მოთხოვნა დაბრუნების პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად; (გ) დაუბრუნოს მომხმარებელს თანხა (სრულად ან ნაწილობრივ) ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; (დ) იურიდიულ პირ მომხმარებელს გაუგზავნოს გადახდის ანგარიში (ინვოისი), როგორც თანხის მიმღებმა. ეს უფლებამოსილება არ ათავისუფლებს გამყიდველს მომხმარებლის წინაშე საკუთარი ვალდებულებებისგან.
3.1.მომსახურების მისაღებად ორტე გამყიდველს აძლევს წვდომას სისტემაზე და გამყიდველმა უნდა შექმნას ანგარიში სისტემაში.
3.2.ანგარიშის შესაქმნელად გამყიდველი ვალდებულია, შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და ორტეს მიაწოდოს სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: გამყიდველის სტატუსი (ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი), იურიდიული დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო პირის მონაცემები, გამყიდველის სახელზე რეგისტრირებული საბანკო ანგარიში (IBAN), პროდუქციის გატანის (საწყობის) მისამართი და ვერიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ფიზიკური პირისთვის - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იურიდიული პირისა და მეწარმისთვის - რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). ორტე იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია ვერიფიკაციის მიზნით, ხოლო, გამყიდველი ვალდებულია, მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიაწოდოს ორტეს, ორტეს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3.3.ორტე იტოვებს აბსოლუტურ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაადასტუროს ან უარი თქვას გამყიდველის რეგისტრაციაზე, მიზეზების განმარტების გარეშე.
3.4.ვერიფიკაციის დასრულებამდე ორტე უფლებამოსილია, შეზღუდოს პროდუქციის გამოქვეყნება (მათ შორის, პროდუქცია შეინახოს მონახაზის სტატუსით) და გამყიდველისთვის თანხების გადარიცხვა. რეგისტრაციის დადასტურების ან მასზე უარის შესახებ ორტე გამყიდველს ატყობინებს სისტემის, SMS-ის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
3.5.ფიზიკური პირი გამყიდველი, რომელიც პროდუქციას სისტემატურად, შემოსავლის მიღების მიზნით ყიდის, ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და გადასახადის გადამხდელად. გამყიდველი პასუხისმგებელია სისტემაში მითითებული სტატუსის სისწორეზე.
3.6.გამყიდველი თანახმაა, რომ კანონმდებლობის (მათ შორის, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების) მოთხოვნათა შესასრულებლად ორტემ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს გამყიდველის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: იურიდიული პირისთვის - დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი; ინდივიდუალური მეწარმისთვის - დასახელება და მისამართი; ფიზიკური პირისთვის - სახელი, გვარი და მითითება, რომ გამყიდველი ფიზიკური პირია (პირადი ნომრისა და საცხოვრებელი მისამართის გარეშე).
3.7.გამყიდველი პასუხისმგებელია, დაუყოვნებლივ განაახლოს სისტემაში არსებული ინფორმაცია მისი ცვლილების შემთხვევაში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გამყიდველს.
3.8.ნებისმიერი პაროლი, ერთჯერადი (SMS) კოდი ან API გასაღები (შემდგომში „პაროლი“), რომელსაც მიიღებს გამყიდველი ორტესგან გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში სისტემაზე წვდომისთვის და მომსახურების მიღების პროცესში.
3.9.გამყიდველი სრულად პასუხისმგებელია პაროლის უსაფრთხოებაზე. გამყიდველს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს პაროლი მესამე პირისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც მათ მიერ არიან ავტორიზებული შეთანხმების შესაბამისად ანგარიშზე წვდომისთვის) და სრულად აგებს პასუხს ნებისმიერი გამოყენების ან ქმედებისათვის, რომელიც განხორციელდება გამყიდვლის პაროლით. პაროლის შესაძლო გამჟღავნების შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს იგი.
3.10.გამყიდველი უფლებამოსილია, სისტემაში დაამატოს გუნდის წევრები (თანამშრომლები) და მიანიჭოს მათ წვდომა. გუნდის წევრის, ასევე გამყიდველის API გასაღებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება გამყიდველის ქმედებად.
3.11.გამყიდველის მოთხოვნით ორტე უფლებამოსილია, მისცეს გამყიდველს წვდომა პარტნიორის API-ზე ან/და პროდუქციის ფიდზე პროდუქციის, მარაგისა და შეკვეთების ავტომატური სინქრონიზაციისთვის. API-ით ან ფიდით მიწოდებული მონაცემები ითვლება გამყიდველის მიერ სისტემაში შეტანილად. API-ით სარგებლობის ტექნიკური პირობები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე (www.orte.ge/developers/api). ორტე უფლებამოსილია, დააწესოს მოთხოვნების რაოდენობის ლიმიტი, ხოლო უსაფრთხოების რისკის ან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში - დროებით შეაჩეროს ან გააუქმოს API წვდომა.
4.1.შეთანხმება ძალაში შედის გამყიდველის მიერ რეგისტრაციის დასრულების ან მომსახურებით სარგებლობის დაწყების მომენტიდან, იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე დადგება.
4.2.ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისათვის წინასწარ, არანაკლებ 7 (შვიდი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
4.3.ორტე უფლებამოსილია გამყიდველს მოსცეს გონივრული ვადა დარღვევის გამოსწორებისათვის, თუკი დარღვევა გულისხმობს:
(ა) გამყიდველის მხრიდან შეთანხმების ან პლატფორმის წესების დარღვევა;
(ბ) დაბრუნებების/საჩივრების გადაჭარბებული დონე;
(გ) სანქციები/AML რისკი.
თუკი ორტეს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ მოხდება დარღვევის გამოსწორება, ორტე უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეწყვიტოს შეთანხმება სრულად ან ნაწილობრივ.
4.4.ორტე უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს ან შეწყვიტოს შეთანხმება სრულად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს:
(ა) თაღლითობის/უკანონო ქმედების ეჭვი;
(ბ) პლატფორმის უსაფრთხოებაზე/რეპუტაციაზე რისკი;
(გ) აკრძალული, ყალბი, საფრთხის შემცველი ან მესამე პირის უფლებების დამრღვევი პროდუქციის განთავსება;
(დ) სანქციებთან დაკავშირებული რისკი ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა.
ამ პუნქტით ან 4.3 პუნქტით გათვალისწინებული ზომის გამოყენებისას ორტე გამყიდველს ატყობინებს მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შეტყობინება აკრძალულია კანონმდებლობით ან ხელს შეუშლის თაღლითობის ან სხვა სამართალდარღვევის პრევენციას/გამოძიებას. გამყიდველს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს 16.3 პუნქტით დადგენილი წესით.
4.5.შეთანხმების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს შეწყვეტამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან (როგორიცაა, მიმდინარე შეკვეთების დამუშავება, საგარანტიო ვალდებულებები, დაბრუნებები და თანხის ანაზღაურება, დავალიანების დაფარვა, კონფიდენციალურობის დაცვა და სხვ.).
4.6.შეთანხმების შეწყვეტისას ორტე აუქმებს გამყიდველის პროდუქციის განთავსებას პლატფორმაზე. საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება მას შემდეგ, რაც ყველა შეკვეთაზე ამოიწურება დაბრუნების პერიოდი და დასრულდება მიმდინარე დაბრუნებები, დავები და ტრანზაქციის გასაჩივრებები, მე-6 მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვების გათვალისწინებით.
5.1.პროდუქცია და მისი განთავსება
5.1.1.გამყიდველი პლატფორმაზე პროდუქციას განათავსებს საკუთარი სურვილისამებრ.
5.1.2.გამყიდველი ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს პროდუქციაზე ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია, მათ შორის, ფოტოები, მახასიათებლები, წონა და ზომები, მარაგი, საგარანტიო პირობები, კანონმდებლობით სავალდებულო ინფორმაცია (მაგ., მწარმოებელი, შემადგენლობა, ვარგისიანობის ვადა, გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები) და ფასი. ფასი მიეთითება ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით.
5.1.3.გამყიდველი უფლებამოსილია, პროდუქციას მიუთითოს ძველი (გადახაზული) ფასი მხოლოდ მაშინ, თუ ეს არის ფასი, რომლითაც პროდუქცია მის მიერ რეალურად იყიდებოდა (პლატფორმაზე ან გამყიდველის სხვა გაყიდვის არხში) და ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია არ შეიყვანს მომხმარებელს შეცდომაში. ძველი ფასისა და ფასდაკლების სისწორეზე პასუხისმგებლობა (მათ შორის, კომპეტენტური ორგანოს მიერ დაკისრებული ჯარიმა) სრულად ეკისრება გამყიდველს.
5.1.4.გამყიდველი ვალდებულია, სისტემაში დროულად ასახოს მარაგის ცვლილება. მარაგში არარსებული პროდუქციის გამო შეკვეთის გაუქმება ითვლება გამყიდველის მიზეზით გაუქმებად.
5.1.5.გამყიდველის დავალებით და მის სასარგებლოდ ორტე უფლებამოსილია: (ა) შექმნას ან განაახლოს გამყიდველის პროდუქციის განცხადებები გამყიდველის მიერ მოწოდებული ფაილის, ფასების სიის, API-ის ან გამყიდველის ვებგვერდზე/სხვა გაყიდვის არხში საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე (მათ შორის, ფასისა და ძველი ფასის ჩათვლით); (ბ) დაარედაქტიროს, თარგმნოს, კატეგორიებში გაანაწილოს და შეავსოს პროდუქციის დასახელება, აღწერა, მახასიათებლები, წონა/ზომები, ფოტოები და საძიებო (SEO) ტექსტი, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ან საჯარო წყაროების გამოყენებით. ორტე არ ცვლის გამყიდველის მიერ დადგენილ ფასს გამყიდველის თანხმობის გარეშე. ამ გზით შექმნილი ან შეცვლილი ინფორმაცია გამყიდველისთვის ხელმისაწვდომია სისტემაში; გამყიდველი ვალდებულია, გადაამოწმოს იგი და შეუსაბამობის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ შეასწოროს ან აცნობოს ორტეს. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი გამოწვეულია ორტეს განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
5.1.6.გამყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ან/და განთავსებული პროდუქცია არ უნდა არღვევდეს კანონმდებლობას (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, მესამე პირთა უფლებებს).
5.1.7.გამყიდველს უფლება აქვს, პლატფორმაზე განათავსოს მხოლოდ ის პროდუქცია, რომლის კანონიერად განკარგვის უფლებამოსილებაც გააჩნია.
5.1.8.აკრძალულია გამორიცხული პროდუქციის განთავსება.
5.1.9.პლატფორმაზე შეთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს (ა) უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ახალი და დაუზიანებელი; (ბ) პლატფორმაზე განთავსებული აღწერილობისა და ფოტოს სრული შესაბამისი; (გ) ვარგისი, მოქმედი ვარგისიანობის ვადით; (დ) ორიგინალი და არა ფალსიფიცირებული; (ე) კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტებთან, უსაფრთხოებისა და ეტიკეტირების (მათ შორის, ქართულ ენაზე ინფორმაციის) მოთხოვნებთან შესაბამისი.
5.1.10.გამყიდველს უფლება აქვს გამოიყენოს ორტეს მიერ ნებადართული მერჩენდაიზინგისა და მარკეტინგული ინსტრუმენტები პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით. ამასთან, ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს პლატფორმის წესებსა და ორტეს წინასწარ დადგენილ ფორმატებს.
5.2.შეკვეთის მიღება და დამუშავება
5.2.1.შეკვეთის შესახებ შეტყობინებას გამყიდველი იღებს სისტემის მეშვეობით (ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, SMS-ით ან/და ელექტრონული ფოსტით). შეკვეთის მიღების შემდეგ, გამყიდველი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაამუშაოს იგი სისტემაში მითითებული პროცედურების შესაბამისად. სტანდარტული მიწოდების შეკვეთა გამყიდველმა უნდა დაადასტუროს და მოამზადოს საკურიერო კომპანიისთვის გადასაცემად არაუგვიანეს შეკვეთის მიღების მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო სწრაფი მიწოდების შეკვეთა - სისტემაში მითითებულ ვადაში, თუ პროდუქციის გვერდზე უფრო ხანგრძლივი ვადა არ იყო მითითებული.
5.2.2.გამყიდველს უფლება აქვს, გააუქმოს შეკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის პირდაპირი საფუძველი გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან წინამდებარე შეთანხმებით. არასაფუძვლიანი გაუქმება ჩაითვლება შეთანხმების დარღვევად. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა მას სრულად უბრუნდება ორტეს მეშვეობით; გამყიდველის მიზეზით შეკვეთების განმეორებით გაუქმება შეიძლება გახდეს 5.6.5 პუნქტით გათვალისწინებული ზომების გამოყენების საფუძველი.
5.2.3.ორტე იტოვებს აბსოლუტურ უფლებას შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის მიერ გაფორმებული შეკვეთა, უარი თქვას დამუშავებაზე, შეზღუდოს მიტანის მისამართი ან/და სხვაგვარად შეწყვიტოს ტრანზაქცია, თუკი, ორტეს შეხედულებით, არსებობს ეჭვი თაღლითობის, კანონმდებლობის დარღვევის ან სხვა საეჭვო გარემოების თაობაზე ან შესაძლოა წარმოიშვას ფინანსური/რეპუტაციული/საოპერაციო ან სხვა რისკი. ორტე ასევე უფლებამოსილია, ავტომატურად გააუქმოს შეკვეთა, რომლის გადახდაც მომხმარებელმა სისტემაში დადგენილ ვადაში არ დაასრულა.
5.2.4.ორტეს მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააუქმოს შეკვეთა. თუ პროდუქცია უკვე გადაცემულია საკურიერო კომპანიისთვის, გამყიდველმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა მისი მიწოდების შესაჩერებლად.
5.2.5.თუ შეკვეთა მომხმარებელს არ მიეწოდა შეკვეთიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში (ან პროდუქციის გვერდზე მითითებულ უფრო ხანგრძლივ ვადაში), მომხმარებელს უფლება აქვს, გააუქმოს შეკვეთა და მიიღოს გადახდილი თანხა სრულად, მიწოდების საფასურის ჩათვლით. თუ დაგვიანება გამოწვეულია გამყიდველის მიზეზით, მომხმარებლისთვის დაბრუნებული თანხა ეკისრება გამყიდველს.
5.2.6.შეკვეთად ითვლება ასევე ორტეს ოპერატორის მიერ მომხმარებლის დავალებით გაფორმებული შეკვეთა (მათ შორის, გადახდის ბმულით), რომელზეც სრულად ვრცელდება ამ შეთანხმების პირობები.
5.3.მიწოდება და შეფუთვა
5.3.1.გამყიდველი სრულად და ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი შეკვეთის სათანადო შეფუთვასა და საკურიერო კომპანიისთვის დროულად გადაცემაზე. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: გამყიდველის მიზეზით მიწოდების დაგვიანებით, არასათანადო შეფუთვით ან მარკირებით, არასწორი ან ნაკლოვანი პროდუქციის გაგზავნით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
5.3.2.შეკვეთის მიწოდებას ორგანიზებას უწევს ორტე საკურიერო კომპანიის მეშვეობით, რომელთანაც ორტეს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. საკურიერო კომპანია პროდუქციას იღებს გამყიდველის მიერ სისტემაში მითითებული მისამართიდან (საწყობიდან) და აწვდის მომხმარებელს ან ორტეს მიერ განსაზღვრულ გატანის პუნქტში. გამყიდველის მიერ შეკვეთის საკუთარი საშუალებებით მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ორტეს წინასწარი თანხმობით. ორტე პასუხისმგებელია საკურიერო კომპანიასთან ტექნიკური ინტეგრაციის გამართულობაზე.
5.3.3.მიწოდების საფასურს იხდის მომხმარებელი ორტეს მიერ დადგენილი და პლატფორმაზე გამოქვეყნებული ტარიფით. მიწოდების საფასური რჩება ორტეს საკურიერო მომსახურების ასანაზღაურებლად, არ შედის რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაში და მასზე მომსახურების საფასური არ ერიცხება. ტარიფით გათვალისწინებული უფასო მიწოდების ხარჯს ფარავს ორტე, თუ აქციის პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5.3.4.საკურიერო კომპანიისთვის სათანადოდ შეფუთული და მარკირებული პროდუქციის გადაცემის შემდეგ ტრანსპორტირებისას მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ორტე საკურიერო კომპანიას წაუყენებს პრეტენზიას და გამყიდველს გადასცემს საკურიერო კომპანიისგან ამ ზიანისთვის მიღებულ ანაზღაურებას. თუ დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია არასათანადო შეფუთვით, მარკირებით ან გამყიდველის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციით (მათ შორის, წონის, ზომის ან შიგთავსის შესახებ), ზიანი ეკისრება გამყიდველს.
5.3.5.გამყიდველის მიზეზით წარმოშობილი დამატებითი საკურიერო ხარჯი (მაგ., პროდუქციის გატანისთვის მზად არყოფნის გამო განმეორებითი მისვლა, არასწორი პროდუქციის გაგზავნა და უკან დაბრუნება, წონის ან ზომის არასწორი მითითების გამო დამატებით დაკისრებული საფასური) შეიძლება გამოიქვითოს გამყიდველის ბალანსიდან.
5.3.6.გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხო შეფუთვა და მარკირება. აკრძალულია შეფუთვაში ნებისმიერი უნებართვო მასალის, მათ შორის, სარეკლამო ბროშურების, სავიზიტო ბარათების ან პლატფორმის გვერდის ავლით კომუნიკაციისკენ მიმართული სხვა მასალების განთავსება.
5.3.7.შეკვეთასთან ერთად, გამყიდველმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა აუცილებელი დოკუმენტი (მაგ., საგარანტიო ტალონი, ქართულ ენაზე გამოყენების ინსტრუქცია), რომელიც საჭიროა პროდუქციის გამოყენებისა და დაბრუნების უფლების რეალიზებისთვის.
5.3.8.გამყიდველი უფლებამოსილია, გამოიყენოს სისტემაში არსებული ელექტრონული საგარანტიო ტალონის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ საგარანტიო ტალონისთვის მითითებული პირადი ნომერი გამყიდველს გადაეცემა მხოლოდ საგარანტიო ტალონის გაფორმებისა და საგარანტიო მომსახურების მიზნით.
5.3.9.გამყიდველი ვალდებულია, კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხოს გაყიდვა და გასცეს საჭირო საგადასახადო დოკუმენტი (მათ შორის, მომხმარებლის - გადასახადის გადამხდელის - მოთხოვნით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). ორტეს მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი გადახდის ანგარიში (ინვოისი) არ ცვლის გამყიდველის ამ ვალდებულებას.
5.4.ინფორმაციის მართვა და კომუნიკაცია
5.4.1.გამყიდველი ვალდებულია, სისტემაში დროულად და ზუსტად ასახოს შეკვეთის სტატუსის ყველა ცვლილება (მაგ., „მუშავდება“, „გაიგზავნა“, „ჩაბარებულია“). ორტე უფლებამოსილია, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლისთვის.
5.4.2.მომხმარებელთან ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც ეხება შეკვეთას, უნდა განხორციელდეს მხოლოდ ორტეს მიერ დაშვებული საკომუნიკაციო არხებით (მათ შორის, სისტემაში არსებული შეკვეთის ჩატით). გამყიდველს ეკრძალება მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემების გამოყენება მარკეტინგული ან სხვა პირადი მიზნებისთვის, ასევე მომხმარებლის მიზანმიმართულად გადამისამართება პლატფორმის გარეთ გარიგების დასადებად.
5.4.3.გამყიდველი ვალდებულია, მომხმარებლის შეკითხვას, საჩივარს ან დაბრუნების მოთხოვნას სისტემის მეშვეობით უპასუხოს არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ორტე უფლებამოსილია, თავად განიხილოს და გადაწყვიტოს მოთხოვნა 2.6 პუნქტის შესაბამისად.
5.5.დაბრუნება და გარანტია
5.5.1.გამყიდველი ადასტურებს, რომ სრულად იცნობს და უპირობოდ ეთანხმება პლატფორმის დაბრუნების პოლიტიკას. მომხმარებლის მიერ დაბრუნების უფლების გამოყენების შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია იმოქმედოს ამ პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
5.5.2.დაბრუნების პოლიტიკის ძირითადი პირობებია: (ა) მომხმარებელს უფლება აქვს, დაბრუნების პერიოდში მიზეზის მითითების გარეშე გავიდეს ხელშეკრულებიდან და დააბრუნოს პროდუქცია (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მაგ., ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული, მალფუჭებადი ან გახსნილი ჰიგიენური პროდუქცია); (ბ) მომხმარებელი პროდუქციას აბრუნებს მოთხოვნიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ხოლო თანხა მას უბრუნდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა; (გ) უკან გაგზავნის პირდაპირ ხარჯს მიზეზის გარეშე დაბრუნებისას იხდის მომხმარებელი, ხოლო ნაკლის, არასწორი ან აღწერისგან განსხვავებული პროდუქციის შემთხვევაში - გამყიდველი; (დ) თუ მომხმარებელი აბრუნებს გამყიდველისგან ერთი შეკვეთით შეძენილ ყველა პროდუქციას, მას უბრუნდება სტანდარტული მიწოდების საფასურიც (სწრაფი მიწოდების დანამატის გარდა); (ე) ნაკლის (შეუსაბამობის) შემთხვევაში გამყიდველი პასუხს აგებს მიწოდებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო მიწოდებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი ითვლება მიწოდებისას არსებულად, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდა.
5.5.3.დაბრუნების მოთხოვნის მიღებისას გამყიდველი 5.4.3 პუნქტით დადგენილ ვადაში სისტემაში: (ა) ადასტურებს მოთხოვნას; (ბ) სთავაზობს მომხმარებელს შეთანხმებას (თანხის ოდენობა, პროდუქციის დაბრუნების საჭიროება და ტრანსპორტირების ხარჯი); ან (გ) აცხადებს დასაბუთებულ უარს. შეთავაზება არ უნდა ზღუდავდეს მომხმარებლის კანონისმიერ უფლებებს და მისი მიღება მომხმარებლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. თუ გამყიდველი უარს აცხადებს ხელშეკრულებიდან გასვლის (მიზეზის გარეშე დაბრუნების) მოთხოვნაზე ან მომხმარებელი არ ეთანხმება გამყიდველის პასუხს, მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტს ორტე კანონმდებლობისა და დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.
5.5.4.გამყიდველი ვალდებულია, დაბრუნებული პროდუქციის მიღება და მისი მდგომარეობა სისტემაში დაადასტუროს მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. თუ გამყიდველი ამ ვადაში არ დაადასტურებს მიღებას ან არ წარადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას, ორტე უფლებამოსილია, პროდუქცია ჩათვალოს მიღებულად საკურიერო კომპანიის მონაცემების საფუძველზე და მომხმარებელს დაუბრუნოს თანხა.
5.5.5.გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი, შეასრულოს პროდუქციაზე მოქმედი ყველა საგარანტიო ვალდებულება, როგორც კანონისმიერი, ისე მის მიერ დამატებით შეთავაზებული კომერციული გარანტია. კომერციული გარანტიის არსებობისას, გამყიდველმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს მისი პირობები კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამყიდველი ვალდებულია, სისტემაში მიუთითოს და განახლებული ჰქონდეს საგარანტიო მომსახურების პირობები და სერვის-ცენტრების მონაცემები (ასეთის არსებობისას).
5.5.6.ორტე იტოვებს უფლებას, გამყიდველის მიერ პროდუქციის დაბრუნებაზე დაუსაბუთებელი უარის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, თავად გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად განახორციელოს თანხის ანაზღაურება. ამასთან, ორტე უფლებამოსილია, გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, სრულად გამოქვითოს (დაიქვითოს) მომხმარებლისთვის დაბრუნებული თანხა გამყიდველთან ანგარიშსწორებისას. დაბრუნების ან ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დაბრუნებული თანხა (მათ შორის, 5.5.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდების საფასური) ეკისრება გამყიდველს, ხოლო ორტეს მიერ უკვე გაწეული მომსახურების საფასური (საკომისიო) გამყიდველს არ უბრუნდება, თუ ორტე სისტემაში სხვა წესს არ დაადგენს. მიუწოდებელი (გაუქმებული) შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების საფასური არ ერიცხება.
5.6.სხვა განსაკუთრებული პირობები
5.6.1.გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი პირობები პლატფორმასა და გაყიდვების არხებში განთავსებულ პროდუქციაზე, რაც გულისხმობს: გასაყიდი ფასი, შეთავაზებისა და სხვა პირობები (მათ შორის მიწოდებისა და შეკვეთის ხარჯები, ფასდაკლება, ბონუსი, ქეშბექი ან სხვა ტიპის სარგებელი, ასევე გაუქმების, დაბრუნებისა და ანაზღაურების პირობები) უნდა იყოს სულ მცირე ისეთივე ხელსაყრელი ორტეს მომხმარებლისთვის, როგორიც არის სხვა გაყიდვის არხების მომხმარებლებისთვის. აღნიშნული ვალდებულება გამოიყენება იმ დოზით, რამდენადაც ნებადართულია მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობით.
5.6.2.გამყიდველს ეკრძალება რეიტინგის/უკუკავშირის ხელოვნური მანიპულაცია (ფიქტიური შეკვეთები, სტიმულირებული შეფასებები და სხვა).
5.6.3.ორტე უფლებამოსილია, მომხმარებლებს მისცეს გამყიდველისა და მისი პროდუქციის შეფასების (რეიტინგის მინიჭება) და უკუკავშირის (კომენტარის დატოვება) საშუალება. ორტე იტოვებს უფლებას, ეს შეფასებები გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გამოიყენოს მარკეტინგული მიზნებისთვის ან წაშალოს, თუ ის არღვევს პლატფორმის წესებს. ორტე შეფასებებს არ ასწორებს; შეფასება, რომლის ავტორმაც პროდუქცია პლატფორმაზე შეიძინა და მიიღო, მოინიშნება როგორც „დადასტურებული შენაძენი“. გამყიდველს შეუძლია ორტეს აცნობოს წესების დამრღვევი შეფასების შესახებ, თუმცა არ აქვს უფლება, მოითხოვოს რეალური უარყოფითი შეფასების წაშლა.
5.6.4.ორტე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს პლატფორმისა და სისტემის დიზაინი, სტრუქტურა და ფუნქციონალი. ორტე ასევე უფლებამოსილია, დანერგოს ან შეცვალოს ანგარიშსწორების მეთოდები (მაგ., განვადება, ქულებით გადახდა), იმ პირობით, რომ ეს ცვლილება არ გამოიწვევს გამყიდველისთვის გადასარიცხი საბოლოო თანხის შემცირებას. გამყიდველი უფლებამოსილია, სისტემაში განსაზღვროს, რომელ გადახდის მეთოდს (ბარათით გადახდა ან/და ნაღდი ანგარიშსწორება) იღებს მისი მაღაზია (მინიმუმ ერთს). ნაღდი ანგარიშსწორების მინიმალურ თანხას ადგენს ორტე.
5.6.5.შეთანხმების პირობების დარღვევის, საეჭვო აქტივობის დაფიქსირების ან პლატფორმის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების რისკის შემთხვევაში, ორტე იტოვებს აბსოლუტურ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ და წინასწარი შეტყობინების გარეშე, მიმართოს შემდეგ პროპორციულ ზომებს: (ა) შეაჩეროს ან წაშალოს კონკრეტული პროდუქტი პლატფორმიდან; ან/და (ბ) დროებით შეზღუდოს გამყიდველის წვდომა სისტემაზე ან მის ცალკეულ ფუნქციებზე; ან/და (გ) სრულად შეაჩეროს მომსახურების მიწოდება და დაბლოკოს გამყიდველის ანგარიში.
5.6.6.ნებისმიერი ფინანსური დავის, მოკვლევის ან ტრანზაქციის გასაჩივრების (Chargeback) პროცესისას, გამყიდველი ვალდებულია, ორტეს მოთხოვნისთანავე, მის მიერ მითითებულ ვადაში წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მაგ., მიწოდების დამადასტურებელი საბუთი, მომხმარებელთან კომუნიკაციის ისტორია და სხვ.). ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნილ ვადაში წარუდგენლობა ორტეს მიერ ჩაითვლება გამყიდველის მიერ დავაზე უპირობო უარის თქმად და გამოიწვევს თანხის სრულ ანაზღაურებას მომხმარებლის სასარგებლოდ, გამყიდველის ხარჯზე.
5.6.7.ორტეს პასუხისმგებლობა შეკვეთასთან დაკავშირებით შემოიფარგლება:
(ა) პირდაპირი ზიანით, რომელიც გამოწვეულია მის მიერ შეკვეთის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამყიდველისთვის გადაცემით.
(ბ) როდესაც ზიანი გამოწვეულია პლატფორმის ტექნიკური ხარვეზით;
(გ) ორტეს მიერ მომხმარებლისგან მიღებული თანხის გამყიდველისთვის გადარიცხვის ვალდებულების დარღვევით, ასევე ორტეს განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანით.
5.6.8.პროდუქციის რიგითობა კატალოგსა და ძიების შედეგებში ძირითადად განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით: მომხმარებლის მოთხოვნასთან რელევანტურობა, პოპულარობა და გაყიდვები, შეფასებები, მარაგში ყოფნა და სიახლე. რიგითობაზე ასევე გავლენას ახდენს ფასიანი ხილვადობა და ორტეს აქციები (მაგ., რჩეული პროდუქცია, კოლექციები, დღის შეთავაზება); ფასიანი ან სარეკლამოდ გაძლიერებული პოზიცია მომხმარებლისთვის მონიშნულია წარწერით „რეკლამა“.
5.6.9.გამყიდველს შეუძლია, შეიძინოს ფასიანი ხილვადობა სისტემაში გამოქვეყნებული ფასებითა და პირობებით (ხანგრძლივობა, განთავსების ადგილი და სხვ.). ფასიანი ხილვადობა აქტიურდება საფასურის გადახდის ორტეს მიერ დადასტურების შემდეგ (ან გამყიდველის თანხმობით - ბალანსიდან გამოქვითვით). ფასიანი ხილვადობა არ იძლევა გაყიდვების ან კონკრეტული პოზიციის გარანტიას. გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ორტეს მიზეზით მომსახურება არ იქნა გაწეული. ორტე უფლებამოსილია, უარი თქვას ფასიანი ხილვადობის გააქტიურებაზე ან შეაჩეროს იგი, თუ პროდუქცია ან მისი აღწერა არღვევს შეთანხმებას ან კანონმდებლობას. ორტე ასევე უფლებამოსილია, სისტემაში მითითებული ლიმიტებით შესთავაზოს გამყიდველს უფასო ხილვადობა.
6.1.მხარეებს შორის ყველა ფინანსური ოპერაცია ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, დანართი #1-ში ან სისტემაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. გამყიდველის საბანკო ანგარიში უნდა იყოს რეგისტრირებული გამყიდველის სახელზე.
6.2.გამყიდველისთვის გადასარიცხი თანხა გამოითვლება ფორმულით: რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, რომელზეც პროდუქცია ჩაბარებულია მომხმარებლისთვის, სრულად არის გასული დაბრუნების პერიოდი, არ მიმდინარეობს დაბრუნების მოთხოვნის განხილვა და, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შესაბამისი თანხა საკურიერო კომპანიისგან მიღებულია ორტეს მიერ, გამოკლებული მომსახურების საფასური (დღგ-ს ჩათვლით), ფასიანი ხილვადობის საფასური (ასეთის არსებობისას) და შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა გამოქვითვები.
6.3.ანგარიშსწორება ხორციელდება თვეში ორჯერ, გადახდის თარიღებში. ბალანსი, ანგარიშსწორების დეტალური ამონაწერი (შეკვეთები, მომსახურების საფასური, დღგ, გამოქვითვები) და გადარიცხვების ისტორია გამყიდველისთვის ხელმისაწვდომია სისტემაში.
6.4.ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, გამყიდველი სრულად არის პასუხისმგებელი ყველა გადასახადზე, მოსაკრებელზე და ინვოისირების/დოკუმენტირების აუცილებლობაზე. ორტე, როგორც დღგ-ს გადამხდელი, მომსახურების საფასურზე გამოწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას კანონმდებლობის შესაბამისად.
6.5.გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გამყიდველი უხდის ორტეს მომსახურების საფასურს, რომელიც გამოითვლება ფორმულით: (რეალიზებული პროდუქციის ღირებულება) x (ტარიფი). ტარიფის ოდენობა განისაზღვრება დანართი #1-ით, ხოლო თუ დანართი #1 ტარიფს არ ადგენს - სისტემაში გამოქვეყნებული ტარიფებით, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს პროდუქციის კატეგორიის მიხედვით და ითვალისწინებდეს შემცირებულ ტარიფს ფასდაკლებულ პროდუქციაზე. შეკვეთაზე გამოიყენება შეკვეთის გაფორმების მომენტში მოქმედი ტარიფი, რომელიც აისახება სისტემაში თითოეულ შეკვეთაზე.
6.6.მომსახურების საფასური არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს. დღგ კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთით (ამჟამად 18%) ემატება მომსახურების საფასურს. მაგალითად, 100 ლარის რეალიზებული პროდუქციის ღირებულებისა და 8%-იანი ტარიფის შემთხვევაში მომსახურების საფასური შეადგენს 8 ლარს, რასაც ემატება 1.44 ლარი დღგ (სულ 9.44 ლარი).
6.7.გამყიდველი ანიჭებს ორტეს უპირობო და გამოუხმობ უფლებას, გამყიდველისთვის გადასარიცხი თანხიდან წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე გამოქვითოს (დაიქვითოს) ყველა ის თანხა, რომელიც ორტეს ეკუთვნის ამ შეთანხმების ან კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: (ა) მომხმარებლისთვის დაბრუნებული თანხები (დაბრუნების ან გაუქმების შემთხვევაში); ან/და (ბ) ტრანზაქციის გასაჩივრების (Chargeback) შედეგად დამდგარი ზარალი; ან/და (გ) აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ ეს გათვალისწინებულია აქციის პირობებით; ან/და (დ) ფასიანი ხილვადობის საფასური; ან/და (ე) გამყიდველის მიზეზით წარმოშობილი დამატებითი საკურიერო ხარჯი (5.3.5 პუნქტი); ან/და (ვ) გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევით ორტესთვის მიყენებული დადასტურებული ზიანი.
6.8.თუ გამოქვითვების შედეგად გამყიდველის ბალანსი უარყოფითი გახდება, უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს გამყიდველის დავალიანებას ორტეს მიმართ, რომელიც იფარება მომდევნო ანგარიშსწორებისას. თუ დავალიანება არ დაიფარა წარმოშობიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ან შეთანხმება შეწყდა, გამყიდველი ვალდებულია, დავალიანება გადაუხადოს ორტეს წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
6.9.ნაღდი ანგარიშსწორებისას საკურიერო კომპანია მომხმარებლისგან თანხას იღებს ორტეს სახელით და გადასცემს ორტეს. შესაბამისი თანხა გამყიდველისთვის გადასარიცხ თანხაში აისახება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორტე მას მიიღებს.
6.10.გამყიდველს შეუძლია, ანგარიშსწორების ამონაწერთან დაკავშირებით პრეტენზია წარუდგინოს ორტეს ამონაწერის სისტემაში ასახვიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. ამ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში ამონაწერი ითვლება გამყიდველის მიერ დადასტურებულად, გარდა აშკარა არითმეტიკული შეცდომისა.
6.11.ორტე იტოვებს აბსოლუტურ უფლებას, დროებით შეაჩეროს გამყიდველთან ანგარიშსწორება, თუ: (ა) მიმდინარეობს დავა ან მოკვლევა ან ტრანზაქციის გასაჩივრების (Chargeback) გამყიდველის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით; ან/და (ბ) არსებობს ეჭვი გამყიდველის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევაზე; ან/და (გ) გამყიდველის ანგარიშზე ფიქსირდება საეჭვოდ მაღალი რაოდენობის დაბრუნებები ან საჩივრები; ან/და (დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც, ორტეს დასაბუთებული შეფასებით, ქმნის ფინანსურ/რეპუტაციულ/საოპერაციო ან სხვა ტიპის რისკს. ანგარიშსწორება ჩერდება მხოლოდ შეჩერების საფუძვლის შესაბამისი თანხის ფარგლებში და იმ ვადით, რაც აუცილებელია გარემოების შესწავლის ან აღმოფხვრისთვის, მაგრამ არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმდინარეობს ტრანზაქციის გასაჩივრება, სასამართლო ან საგამოძიებო პროცესი. ანგარიშსწორების შეჩერების შესახებ ორტე გამყიდველს ატყობინებს მიზეზის მითითებით, თუ ეს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
6.12.თუ დადასტურდება, რომ გამყიდველმა სისტემა/პლატფორმა გამოიყენა თაღლითური ან სხვა უკანონო საქმიანობისთვის, ორტე უფლებამოსილია, შეაჩეროს ნებისმიერი ანგარიშსწორება და გაყიდვიდან მიღებული თანხა (გაქვითვის გზით) მოიხმაროს დაზარალებული მხარეების (მათ შორის, ორტეს) ზიანის ასანაზღაურებლად. ზიანის ანაზღაურების შემდეგ დარჩენილი თანხა გამყიდველს გადაეცემა ყველა შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.
6.13.ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, ორტე არ არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. ბარათით გადახდებს ამუშავებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (კომერციული ბანკი), ხოლო ორტე მომხმარებლისგან თანხას იღებს გამყიდველის სახელით, როგორც მისი კომერციული აგენტი, 2.5 პუნქტის შესაბამისად.
7.1.ორტე იტოვებს უფლებას, საკუთარი ინიციატივითა და ხარჯით, გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, ჩაატაროს ნებისმიერი მარკეტინგული აქცია (მაგ., პლატფორმის მასშტაბით ფასდაკლების კოდის დაწესება, ქეშბექი, ბონუს პროგრამა, „საჩუქრების ბორბალი“, Orte კრედიტი, სასაჩუქრე ბარათი, გათამაშება, SMS/ელ.ფოსტით შეტყობინება, რეკლამა სოციალურ ქსელებში).
7.2.ასეთი აქცია დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ის არ ამცირებს გამყიდველისთვის გადასარიცხ საბოლოო თანხას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
7.3.ორტე უფლებამოსილია, მაგრამ არა ვალდებული, შესთავაზოს გამყიდველს მონაწილეობა ერთობლივ აქციაში, რომლის ხარჯებსაც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს გამყიდველი. შეთავაზება აქციის დეტალური პირობებით (ვადები, ფასდაკლების ოდენობა, ხარჯების განაწილება) გამყიდველს ეგზავნება სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გამყიდველმა პასუხი (თანხმობა ან უარი) უნდა დააფიქსიროს შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ვადის უპასუხოდ გაშვება ავტომატურად ითვლება აქციაში მონაწილეობაზე უარად. ერთობლივი აქცია შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის, ორტეს პრომოკოდით, რომლის ფასდაკლებასაც აქციაში მონაწილე გამყიდველები ფარავენ. ასეთი პრომოკოდი ვრცელდება მხოლოდ აქციაში მონაწილე გამყიდველების პროდუქციაზე და ამცირებს მათი რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას. ორტეს პრომოკოდი, რომლის დაფინანსებაზეც გამყიდველი არ დათანხმებულა, გამყიდველისთვის გადასარიცხ თანხას არ ამცირებს.
7.4.გამყიდველის მიერ აქციის პირობების დადასტურება (სისტემაში, ელექტრონული ფოსტით ან სხვა წერილობითი ფორმით) წარმოადგენს მის უპირობო და გამოუხმობ თანხმობას და იურიდიულად სავალდებულოა. გამყიდველი იღებს ვალდებულებას, ზუსტად შეასრულოს შეთანხმებული პირობები.
7.5.გამყიდველი უფლებამოსილია, სისტემაში არსებული ინსტრუმენტებით საკუთარი ხარჯით დააწესოს ფასდაკლება, პრომოკოდი, მაღაზიის ბორბალი ან სხვა აქცია საკუთარ პროდუქციაზე. ასეთი აქციის ხარჯს სრულად ფარავს გამყიდველი და იგი ამცირებს რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას. გამყიდველი ვალდებულია, აქციის პირობები მკაფიოდ და კანონმდებლობის (მათ შორის, რეკლამისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის) შესაბამისად განსაზღვროს და შეასრულოს იგი აქციის მოქმედების ვადის განმავლობაში.
7.6.გამყიდველი ორტეს ანიჭებს არაექსკლუზიურ უფლებას შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების ფარგლებში გამოიყენოს, გაამრავლოს, განათავსოს, გაავრცელოს, ადაპტირება მოახდინოს, შეცვალოს, დააფორმატოს, შექმნას ან სხვაგვარად კომერციულად ან არაკომერციულად ნებისმიერი გზით გამოიყენოს გამყიდვლის მასალები. აღნიშნული უფლების რეალიზაციის დროს ორტე არ განახორციელებს გამყიდვლის სასაქონლო ნიშნის ცვლილებას (გარდა სასაქონლო ნიშნების ზომის შეცვლისა, როგორც აუცილებელია გამოქვეყნებისთვის/განთავსებისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი სასაქონლო ნიშნების ფარდობითი პროპორციები იგივე დარჩება) და ორტე იღებს ვალდებულებას გაითვალისწინოს გამყიდვლის მოთხოვნები სასაქონლო ნიშნის გამოყენების დროს.
7.7.შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაშიც ორტე ინარჩუნებს უფლებას, გამოიყენოს შეწყვეტამდე შექმნილი მარკეტინგული მასალები, რომლებიც შეიცავს გამყიდველის მასალებს.
8.1.გამყიდველი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
8.1.1.შეთანხმების დადების მომენტისთვის არის და შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში იქნება - ქმედუნარიანი (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით არის შექმნილი);
8.1.2.შეთანხმების ან/და შეთანხმების ნებისმიერი დანართის, დადების და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით გამყიდვლის მიერ მოპოვებული იქნა და შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება, ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
8.1.3.შეთანხმება ან/და შეთანხმების ნებისმიერი დანართი იდება და სრულდება გამყიდვლის მიერ ნებაყოფლობით, ორტეს ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
8.1.4.გამყიდვლის მიერ შეთანხმების დადება ან/და შესრულება არ მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ნორმებთან, საკუთარ წესდებასთან, გადაწყვეტილებებთან, სადამფუძნებლო ან/და სხვა სახის დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ იწვევს სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებით ნაკისრი/განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას და არ წარმოშობს მესამე პირ(ებ)ისათვის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლებას;
8.1.5.შეთანხმების დადების მომენტისთვის, გამყიდველისთვის არ არის ცნობილი რაიმე ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც შეუძლებელს გახდის მხარეთა მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, ხოლო, შეთანხმების დადების შემდგომ, ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, გამყიდველი დაუყოვნებლივ შეატყობინებს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს;
8.1.6.გამყიდველი არ მონაწილეობს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან/და ტერორიზმში), რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი იურისდიქციის კანონმდებლობას;
8.1.7.გამყიდვლის ქმედება არ არის/იქნება მიმართული ორტეს მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით შეთანხმების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, გამყიდვლის მიერ ორტესთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
8.1.8.გამყიდველს (მათ შორის არც დირექტორს, უფლებამოსილ პირს ან სხვა წარმომადგენელს) ან პირს რომელიც წარმოადგენს მის ბენეფიციარულ მფლობელს/მესაკუთრეს, შვილობილ კომპანიას, დედა კომპანიას ან/და საერთო კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიას (i) პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს შეთანხმებას; ან/და (ii) არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შეთანხმების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და (iii) არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება კანონსაწინააღმდეგო გავლენა მოეხდინა მხარის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის ან სხვა წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული/აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და (iv) სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში;
8.1.9.კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8.1.10.შეთანხმების დადების მომენტისთვის გამყიდვლის მიერ მოპოვებული/დარეგისტრირებული და შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში შენარჩუნებულ იქნება - ყველა სასაქონლო ნიშანი, პატენტი, დომეინი და სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და, რომ ზემოაღნიშნულის გამოყენება არ არღვევს არც ერთი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას;
8.1.11.მის მიერ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის, ტექნიკურ რეგლამენტებს, უსაფრთხოების, ეტიკეტირებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებს), ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველს აქვს პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო ლიცენზია ან ნებართვა;
8.1.12.შეთანხმების დადების მომენტისთვის, მასზე არ ვრცელდება, სანქციების ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვა ან/და აკრძალვა, და გამყიდველი ან/და პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ფლობს გამყიდველს, ან/და ქვეყანა/ტერიტორია, რომლის რეზიდენტიც არის გამყიდველი ან რომელშიც დაფუძნებულია/რეგისტრირებულია ან მდებარეობს ან ოპერირებს გამყიდველი, არ არის მოხვედრილი კონკრეტული სანქცირებული ქვეყნების/ტერიტორიების ან/და პირების სიაში, რომელიც გამოცემულია/წარმოებულია სანქციების ორგანოს მიერ, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
8.1.13.იგი იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მიიღებს ყველა გონივრულ ზომას, რათა თავისი ქმედებით ან უმოქმედობით ზიანი არ მიაყენოს ორტეს პლატფორმის რეპუტაციას, საქმიან სახელსა და მომხმარებელთა ნდობას. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, უხარისხო პროდუქციის განთავსებისგან, მომხმარებელთან არაკორექტული კომუნიკაციისა და შეთანხმების პირობების უგულებელყოფისგან თავის შეკავებას.
9.1.პლატფორმა, სისტემა და ორტეს მიერ გაწეული ყველა მომსახურება მიეწოდება გამყიდველს პრინციპით „როგორც არის“ (AS IS) და „როგორც ხელმისაწვდომია“ (AS AVAILABLE). მათ შორის, ორტე არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმასა და სისტემაში ჩაშენებული ფუნქციები დააკმაყოფილებს გამყიდვლის მოთხოვნებს ან იქნება ხელმისაწვდომი, დროული, დაცული, უწყვეტი ან უშეცდომო. ამასთან, ორტე არ აგებს პასუხს რაიმე სახის მომსახურების შეფერხებაზე, მათ შორის სისტემურ ხარვეზზე ან სხვა შეფერხებებზე, რაც შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს ტრანზაქციების მიღებაზე, დამუშავებასა და დასრულებაზე.
9.2.გამყიდველი ადასტურებს, რომ პლატფორმითა და მომსახურებით სარგებლობს საკუთარი რისკით და სრულად არის პასუხისმგებელი ამ სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შედეგზე.
9.3.რადგან ორტე არ არის გამყიდველსა და მომხმარებელს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, გამყიდველი უპირობოდ და გამოუხმობად ათავისუფლებს ორტეს (მის თანამშრომლებს, დირექტორებსა და პარტნიორებს) ნებისმიერი სახის პრეტენზიის, მოთხოვნის, დავისა და ზიანისგან (პირდაპირი თუ არაპირდაპირი), რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ გარიგებასთან დაკავშირებით, გარდა ორტეს მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი საკუთარი ვალდებულებების დარღვევისა.
9.4.ორტე არ არის პასუხისმგებელი გამყიდვლის ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე იმ ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ზიანის ანაზღაურებასთან, მოგების დაკარგვასთან, მონაცემების დაკარგვასთან, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაკისრებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.
9.5.გამყიდველი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს, დაიცვას „ორტე“ ნებისმიერი პრეტენზიის, დავის, ჯარიმის, ზიანის, ხარჯის წინააღმდეგ, რომელიც წარმოიშობა ან უკავშირდება: (ა) პროდუქციას (მათ შორის, დეფექტს/ვარგისიანობას/უსაფრთხოებას); ან/და (ბ) მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას; ან/და (გ) მომხმარებელთან ურთიერთობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას; ან/და (დ) კანონმდებლობის დარღვევას; ან/და (ე) არაკანონიერ მარკეტინგს/კომუნიკაციას; ან/და (ვ) ფასის, ძველი ფასის ან ფასდაკლების შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
9.6.ორტეს სრული და აგრეგირებული ფინანსური პასუხისმგებლობა გამყიდველის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმებიდან, არასდროს გადააჭარბებს ორტეს მიერ დავის წარმოშობამდე ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების საფასურის ჯამურ ოდენობას ან დავის ოდენობას, რომელიც მათგან ნაკლებია.
9.7.ამ მუხლით ან შეთანხმების სხვა დებულებით გათვალისწინებული ორტეს პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა არ ვრცელდება: (ა) განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე; (ბ) ორტეს მიერ გამყიდველის სახელით მიღებული თანხის გამყიდველისთვის გადარიცხვის ვალდებულებაზე (2.5 პუნქტი და მე-6 მუხლი); (გ) სხვა შემთხვევებზე, როდესაც პასუხისმგებლობის წინასწარ გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონმდებლობით დაუშვებელია.
10.1.გამყიდველი ვალდებულია როგორც შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ასევე მას შემდეგ დაიცვას შეთანხმებასთან დაკავშირებით ან/და შეთანხმების საფუძველზე ორტესგან ნებისმიერ დროს/ეტაპზე, წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი ფორმით, მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. გამყიდველს უფლება არა აქვს ზემოაღნიშნული ინფორმაცია გაამჟღავნოს (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით საჯაროდ გამოაქვეყნონ, გაავრცელონ, ან ხელმისაწვდომი გახადონ მესამე პირებისთვის) ან შეთანხმებით განსაზღვრული მიზნობრიობის დარღვევით გამოიყენოს იგი.
10.2.გამყიდველი ვალდებულია ორტეს მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ყველა ორიგინალი, ასლი ან აღნიშნული ინფორმაციის შემცველი სხვა საინფორმაციო საშუალება, ან გაანადგუროს ამგვარი დოკუმენტები და სხვა საინფორმაციო საშუალებები ორტეს მითითების შესაბამისად, და სამუდამოდ წაშალოს ნებისმიერი ინფორმაცია მისი ელექტრონული ჩანაწერებიდან. ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში გამყიდველმა წერილობით უნდა დაადასტუროს, მოთხოვნის სრულად შესრულება.
10.3.გამყიდველი უფლებამოსილია შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ მისი იმ თანამშრომლებისთვის, ან აფილირებული პირებისათვის, რომელთათვისაც აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის ცოდნა შეთანხმების შესრულების მიზნებისთვის. გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნული პირები იცნობდნენ შეთანხმებით გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის ვალდებულებებს და სრულად ასრულებდნენ მათ და მხარე პასუხისმგებელია მათ მიერ კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევაზე, ისევე, როგორც საკუთარ დარღვევაზე.
10.4.გამყიდვლის მიერ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი სხვა მესამე პირისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. გამყიდველი ვალდებულია მესამე პირი დაავალდებულოს და შებოჭოს იმავე კონფიდენციალურობის ვალდებულებით რაც, შეთანხმებით ვრცელდება მასზე. იგი სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
10.5.გამყიდველი სრულად აუნაზღაურებს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანს (ზარალს). ამასთან, ზიანის ანაზღაურება არ ათავისუფლებს მას შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
10.6.ზიანის (ზარალის) ანაზღაურება - ფულადი კომპენსაცია (მათ შორის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა), შესაძლოა სათანადოდ ვერ აკომპენსირებდეს შეთანხმებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევით გამოწვეულ ზიანს, რის გამოც ორტე უფლებამოსილია, განსაკუთრებული ზიანის დამტკიცების გარეშე, მიმართოს სასამართლოს გამყიდვლის წინააღმდეგ ბრძანების/განჩინების/აკრძალვის/შეზღუდვის მიღების მიზნით, რათა აღნიშნულ მხარეს დაევალოს ან აეკრძალოს გარკვეული მოქმედებების შესრულება, ან/და მიმართონ სხვა შესაფერის სამართლებრივ ზომებს.
10.7.კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას: (i) რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე; (ii) რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად); (iii) რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
11.1.შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით ორტე გამყიდველს სისტემის საშუალებით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ: სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა), მისამართი, მომხმარებლის მოთხოვნით - პირადი ნომერი (საგარანტიო ტალონისთვის), იურიდიული პირი მომხმარებლის შემთხვევაში - მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი და სხვა დეტალები, რაც აუცილებელია შეკვეთის განხორციელებისთვის. კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ორტემ შესაძლოა გადასცეს გამყიდველს დამატებით პერსონალური მონაცემები, გარდა ზემოთჩამოთვლილისა. გამყიდველი ვალდებულია დაამუშავოს ამ შეთანხმების ფარგლებში ორტეს მიერ გადმოცემული პერსონალური მონაცემები ამ მუხლისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2.გამყიდველი მისთვის გადაცემულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს როგორც დამოუკიდებელი დამმუშავებელი, მხოლოდ შეკვეთის შესრულების, მიწოდების, დაბრუნების, საგარანტიო მომსახურების, მომხმარებლის საჩივრის განხილვისა და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების (მათ შორის, საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის) შესრულების მიზნით. გამყიდველს ეკრძალება ამ მონაცემების გამოყენება სხვა მიზნით (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგისთვის), მათი გადაცემა მესამე პირისთვის (გარდა იმ პირებისა, რომელთა ჩართულობაც აუცილებელია ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, მაგ., სერვის-ცენტრისა) და საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე.
11.3.გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას კანონმდებლობითა და ორტეს მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს პირის პერსონალური მონაცემების დაცვა. გამყიდველმა უნდა შეძლოს ამ შეთანხმების პირობებთან და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურება, ამასთან, ორტეს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ანგარიში აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
11.4.შეთანხმების და კანონმდებლობის საფუძველზე, გამყიდველი ვალდებულია მისთვის გადაცემული მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ იმ ფარგლებში, იმ მიზნით და იმ ფორმით, რაც აუცილებელია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. გამყიდველი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დამუშავების თანამდევი საფრთხეების ასაცილებლად მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომელიც გამყიდველს საშუალებას მისცემს (ა) დაიცვას და უზრუნველყოს, პერსონალურ მონაცემთა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა; და (ბ) აღკვეთოს, მონაცემთა დამუშავების არაავტორიზებული გამოყენება, არაავტორიზებული წვდომა ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების სხვაგვარი დარღვევა.
11.5.გამყიდველის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში ან/და აქვს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
11.6.შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში ორტეს მითითებით, ნებისმიერ დროს ან მხარეთა შორის შეთანხმების შეწყვეტისას, გამყიდველმა უკან უნდა დააბრუნოს ორტესგან შეთანხმების მოქმედების პერიოდში მიღებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, მათი ასლები და წაშალოს და გაანადგუროს ისინი, თუ მათი შენახვის ვალდებულება კანონმდებლობით არ არის დადგენილი. გამყიდველმა პერსონალურ მონაცემთა განადგურებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ შეწყვიტა მონაცემთა დამუშავება და გაანადგურა პერსონალური მონაცემები.
11.7.გამყიდველი ვალდებულია, ორტესგან მიღებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტის (მათ შორის, მონაცემების უკანონო გამჟღავნების, დაკარგვის ან მათზე არაავტორიზებული წვდომის) აღმოჩენისთანავე, არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა, აცნობოს ორტეს და მიიღოს ზიანის შესამცირებლად აუცილებელი ზომები, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინციდენტის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
11.8.გამყიდველი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ორტეს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.
11.9.გამყიდველი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს ორტეს მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში.
11.10.გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს ორტეს ზემოაღნიშნული ქვეპუნქტებითა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანი (ზარალი), მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ნებისმიერი მესამე მხარის მიერ დაკისრებული ჯარიმა/გადასახდელი.
11.11.ორტე გამყიდველის (ფიზიკური პირის), მისი წარმომადგენლების, საკონტაქტო პირისა და გუნდის წევრების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შეთანხმების დადებისა და შესრულების, ვერიფიკაციის, ანგარიშსწორების, უსაფრთხოებისა და თაღლითობის პრევენციის, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ორტეს კონფიდენციალურობის პოლიტიკის (www.orte.ge/privacy) შესაბამისად. გამყიდველის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ქვეყნდება 3.6 პუნქტის შესაბამისად.
12.1.ორტე უფლებამოსილია შეაგროვოს, დაამუშაოს და გამოიყენოს პლატფორმისა და სისტემის გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მათ შორის გამყიდველთან დაკავშირებული მონაცემები (გაყიდვების მოცულობა, ტრანზაქციები, მომხმარებელთა ქცევა და სხვა), პლატფორმის ფუნქციონალის გაუმჯობესების, მომსახურების ოპტიმიზაციის, ანალიტიკური და მარკეტინგული მიზნებისთვის.
12.2.ორტე უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემები გამოიყენოს და/ან გაუზიაროს მესამე პირებს: (ა) აგრეგირებული ან ანონიმიზებული სახით, რომელიც არ იძლევა გამყიდველის იდენტიფიცირების შესაძლებლობას; ან (ბ) მომსახურების პროვაიდერებს (მაგ., საგადახდო, საკურიერო, ჰოსტინგის, ანალიტიკისა და სარეკლამო მომსახურების მიმწოდებლებს) - მხოლოდ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი მოცულობით და კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ არ ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი მონაცემთა დაცვის მოთხოვნები.
13.1.მხარის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუ აღნიშნული პირდაპირ არის დაკავშირებული ფორს-მაჟორული გარემოების შედეგთან.
13.2.ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, მასშტაბური კიბერშეტევით, ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან საბანკო სისტემის მასშტაბური შეფერხებით, რომელიც მხარის კონტროლს მიღმაა, და სხვა.
13.3.ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
13.4.იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ფორს- მაჟორული გარემოების დადგომის მიზეზით შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, აღნიშნული გარემოების დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე არ განახორციელებს მეორე მხარისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მხარეს ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არ დადგებოდა შეტყობინება დროულად რომ გაგზავნილიყო.
13.5.იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოება გრძელდება 3 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში, მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, მხარისთვის შეტყობინებით.
14.1.მხარეთა შორის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებთან, მათ შორის შეთანხმებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული კომუნიკაციები, უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. შეტყობინება შესაძლოა გაგზავნილი იყოს საფოსტო გზავნილის ან დისტანციური არხების გამოყენებით, კერძოდ ელ.ფოსტის, სატელეფონო შეტყობინების ან სისტემის საშუალებით.
14.2.ნებისმიერი ასეთი კომუნიკაცია მიღებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ კომუნიკაციის მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ. თუ კომუნიკაციის მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი კომუნიკაცია მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად გაგზავნის თარიღიდან მეორე სამუშაო დღეს.
14.3.მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ შეთანხმებით განსაზღვრულ მისამართებზე/ საკონტაქტო მონაცემებზე. მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს შეთანხმებით განსაზღვრული კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
14.4.ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საკონტაქტო პირის მიერ მოწერილი ან მისგან მიღებული ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის ელ.ფოსტა, ჩაითვლება გამყიდველის მიერ განხორციელებულ კომუნიკაციად.
14.5.ორტეს საკონტაქტო მონაცემებია: ელ.ფოსტა info@orte.ge, ტელეფონი +995 555 48 22 20; გამყიდველის საკონტაქტო მონაცემებია სისტემაში ან/და დანართ #1-ში მითითებული ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
15.1.ორტეს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მისი სისტემაში გამოქვეყნებიდან და გამყიდველისთვის (სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) შეტყობინებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ. გამყიდველი ვალდებულია რეგულარულად გადაამოწმოს სისტემა და გაეცნოს შეთანხმებაში განხორციელებულ ცვლილებებს.
15.2.თუ გამყიდველი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს შეთანხმება ორტესთვის შეტყობინებით, 4.2 პუნქტით დადგენილი ვადის დაცვის გარეშე. ტარიფის ან სხვა საფასურის ცვლილება ვრცელდება მხოლოდ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ გაფორმებულ შეკვეთებზე.
15.3.მიუხედავად 15.1. პუნქტისა, პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, გამორიცხული პროდუქციის) პოლიტიკების ცვლილებები, ასევე კანონმდებლობის ცვლილებით ან კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით განპირობებული ცვლილებები შეიძლება შევიდეს ძალაში დაუყოვნებლივ, რის შესახებაც გამყიდველს უნდა ეცნობოს წერილობით (მათ შორის, სისტემის მეშვეობით).
15.4.გამყიდველი ვალდებულია რეგულარულად გადაამოწმოს სისტემა, რათა იცოდეს შეთანხმების მოქმედი რედაქცია და დარწმუნდეს, რომ მის მიერ შეთავაზებული პროდუქცია შეესაბამება მოქმედ შეთანხმებას.
15.5.მომსახურების მიღების გაგრძელება ნებისმიერი ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ ითვლება ამ ცვლილებებზე თანხმობად.
16.1.შეთანხმება და ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა (მათ შორის არასახელშეკრულებო დავა და მოთხოვნა), რომელიც წარმოიშვება შეთანხმებასთან ან მის საგანთან დაკავშირებით, რეგულირებულია და უნდა განიმარტოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16.2.შეთანხმებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაეცეს და საბოლოოდ გადაწყდეს საქართველოს სასამართლოების მიერ.
16.3.გამყიდველს შეუძლია, ორტეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან (მათ შორის, პროდუქციის ან ანგარიშის შეზღუდვასთან, ანგარიშსწორებასთან ან დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილებასთან) დაკავშირებით საჩივარი წარუდგინოს ორტეს ელექტრონული ფოსტით (info@orte.ge) ან სისტემის მეშვეობით. ორტე საჩივარს განიხილავს და გამყიდველს პასუხობს არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. საჩივრის წარდგენა არ ზღუდავს გამყიდველის უფლებას, მიმართოს სასამართლოს.
17.1.თუ შეთანხმების რომელიმე მუხლი ან მუხლის ნაწილი ბათილი, არაკანონიერი ან აღუსრულებადია, იგი უნდა შეიცვალოს მცირედით ისე, რომ აღნიშნული მუხლი გახდეს ნამდვილი, კანონიერი და აღსრულებადი. თუ მსგავსი ცვლილება შეუძლებელია, კონკრეტული მუხლი ან მუხლის ნაწილი უნდა წაიშალოს. წინამდებარე მუხლის შესაბამისად ნებისმიერი მუხლის ან მისი ნაწილის წაშლამ არ უნდა გამოიწვიოს დარჩენილი შეთანხმების ბათილობა ან აღუსრულებლობა.
17.2.იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმების, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით და/ან დამატებით შეთანხმებული პირობებით.
17.3.შეთანხმების დანართებზე სრულად ვრცელდება შეთანხმების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, შეთანხმების და შეთანხმების დანართის პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი.
17.4.შეთანხმება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის / სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ შეთანხმება ან/და კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
17.5.გამყიდველს არ აქვს უფლება, ორტეს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები მესამე პირს.
17.6.იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების დანართები ან/და შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი შედგენილია ელექტრონული დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ იგი დამოწმებული იქნება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებით ან ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის (მათ შორის, შპს “სიგნიფაი"-ის, ს/ნ 405432580, მფლობელობაში არსებული პლატფორმის - Signify.ge-ის) საშუალებით/გამოყენებით (შემდგომში “ელექტრონული პლატფორმა”), კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ელექტრონული ხელმოწერების შესაბამისი პლატფორმის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურით. ელექტრონული დოკუმენტის სახით მომზადებული და გაფორმებული დოკუმენტი მხარეებს შორის გაცვლილი არის ელექტრონულად, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ან შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. თუ დოკუმენტი მომზადებულია დაბეჭდილი სახით, მხარეთა მიერ მისი დამოწმება მოხდება პირადი ხელმოწერებით და მომზადდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეცაა წარმოდგენილი და თითო პირი გადაეცემა ყოველ მხარეს.
17.7.შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე. შეთანხმების თარგმანსა და ქართულენოვან ტექსტს შორის შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
წინამდებარე დანართი #1 არის ორტესა და გამყიდველს შორის არსებული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და მასზე ვრცელდება შეთანხმების პირობები.
- გამყიდველის იურიდიული დასახელება / სახელი და გვარი
- გამყიდველის სტატუსი (ფიზიკური პირი / ინდ. მეწარმე / იურიდიული პირი)
- საიდენტიფიკაციო ნომერი / პირადი ნომერი
- იურიდიული მისამართი
- დღგ-ს გადამხდელი (კი / არა)
- საბანკო ანგარიში (IBAN) და ბანკი
- პროდუქციის კატეგორია
- ტარიფი (დღგ-ს გარეშე)
- შემცირებული ტარიფი ფასდაკლებულ პროდუქციაზე (დღგ-ს გარეშე, ასეთის არსებობისას)
- მიღებული გადახდის მეთოდები (ბარათით / ნაღდი ანგარიშსწორება)
- პროდუქციის გატანის (საწყობის) მისამართი
- განსაკუთრებული პირობა
- გამყიდვლის ხელმომწერი/უფლებამოსილი პირის ელ.ფოსტა
- საკონტაქტო პირი
- საკონტაქტო პირის ელ.ფოსტა
- საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი
ტარიფს ემატება დღგ კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთით (6.6 პუნქტი). დანართში მიუთითებელ კატეგორიაზე გამოიყენება სისტემაში გამოქვეყნებული ტარიფი.
წინამდებარე დანართი #2 არის შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ადგენს პროდუქციას, რომლის განთავსებაც პლატფორმაზე აკრძალულია (გამორიცხული პროდუქცია) ან დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოთხოვნების დაცვით. ჩამონათვალი არ არის ამომწურავი: აკრძალულია ნებისმიერი პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
ა) აკრძალული პროდუქცია
1. ცეცხლსასროლი, პნევმატური და ცივი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათი ძირითადი ნაწილები, რომელთა რეალიზაციაც კანონმდებლობით აკრძალულია ან ლიცენზიას/ნებართვას საჭიროებს (გარდა სამზარეულოს, საყოფაცხოვრებო, ტურისტული და სამუშაო დანებისა და ხელსაწყოებისა, რომლებიც კანონმდებლობით იარაღად არ მიიჩნევა);
2. ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები და მათი მოხმარებისთვის განკუთვნილი საგნები;
3. ფარმაცევტული პროდუქტი (მედიკამენტები);
4. ყალბი ან ფალსიფიცირებული პროდუქცია, ბრენდის ასლები („რეპლიკები“) და მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი პროდუქცია;
5. მოპარული ან სხვაგვარად უკანონოდ მოპოვებული ნივთები;
6. საფრთხის შემცველი, ბაზრიდან გამოწვეული ან ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქცია, ასევე ვარგისიანობის ვადაგასული პროდუქცია;
7. ცოცხალი ცხოველები, ადამიანის ორგანოები, ქსოვილები და სხვა ბიოლოგიური მასალა;
8. პირადობის დამადასტურებელი და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, ფულის ნიშნები (გარდა საკოლექციოსი), ფასიანი ქაღალდები, პერსონალური მონაცემები და მონაცემთა ბაზები;
9. პორნოგრაფიული მასალა, ასევე პროდუქცია, რომელიც ქადაგებს ძალადობას, დისკრიმინაციას ან სიძულვილს;
10. ფარული ინფორმაციის მოპოვებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური საშუალებები;
11. სანქციების ქვეშ მყოფი პროდუქცია ან სანქცირებული პირის მიერ წარმოებული/მიწოდებული პროდუქცია;
12. ნებისმიერი სხვა პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც კანონმდებლობით აკრძალულია.
ბ) შეზღუდული პროდუქცია
შემდეგი პროდუქციის განთავსება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოთხოვნების (რეგისტრაცია, ლიცენზია/ნებართვა, ეტიკეტირება, ასაკობრივი შეზღუდვა და სხვ.) დაცვით. ორტე უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი წარუდგენლობის შემთხვევაში შეაჩეროს პროდუქციის განთავსება. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტების განთავსება დასაშვებია მხოლოდ ორტეს წინასწარი წერილობითი თანხმობით.
1. ალკოჰოლური სასმელები;
2. თამბაქოს ნაწარმი, ელექტრონული სიგარეტები, მათი სითხეები და მოწყობილობები;
3. პიროტექნიკური ნაწარმი;
4. საკვები პროდუქტი, მათ შორის ბავშვთა კვება, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სპორტული კვება;
5. სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი (სამედიცინო მოწყობილობები);
6. პესტიციდები, აგროქიმიკატები და საშიში ქიმიური ნივთიერებები;
7. მეორადი, აღდგენილი ან დაზიანებული შეფუთვის პროდუქცია (ასეთი მდგომარეობის მკაფიო მითითებით);
8. 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვისას შეზღუდული სხვა პროდუქცია.